Friday, April 9, 2010

”საზაფხულო არდადეგებზე ნაყოფიერი დასვენებისა და თვითგანათლებისათვის”


პროექტის სახელი: ”საზაფხულო არდადეგებზე ნაყოფიერი დასვენებისა და თვითგანათლებისათვის”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებზე დაისვენებენ შეგნებულად - გაიკაჟებენ სხეულს და გაიღრმავებენ ცოდნას მშობლიური კუთხის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: თითოელ მოსწავლეს ვაძლევ სამოქმედო გეგმას: ” სამახსოვრო ჩემს პატარა აღსაზრდელს” - ”ჩემო პატარა მეგობარო, შენ უკვე მესამეკლასელი ხარ, გილოცავ! წინ ლამაზი ცხოვრება გელის. წინ საზაფხულო არდადეგებია! ეს მშვენიერი სამი თვე ბევრს გპირდება დასვენებისა და ცოდნის გაღმავებისათვის.
-ახლა ერთი საინტერესო სამუშაო მინდა შემოგთავაზო: ჩვენი ლამაზი სამშობლოს -საქართველოს, ის კუთხე შეისწავლე, სადაც არდადეგებს გაატარებ. წინასწარ გეტყვი: როგორადაც არ უნდა გაართვა თავი ამ სამუშაოს, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა შენი! გახსოვდეს, შენ ამ საკითხებზე მუშაობით ბევრს მიაღწევ, საკუთარი ძალების რწმენას განიმტკიცებ, ცოდნას გაიღრმავებ, რაშიც, ჩვენი ლამაზი ქვეყნის ”ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტისა” და ჩვენი ერის დიდი სიყვარული გიწინამძღვრებს. შენ ხომ უტყუარი, ნაღდი პატარა ქართველი ხარ, ჩვენი გენიალოგიის ბიბლიური ფესვის, ჯიშ- -ჯილაგის სისხლი და ხორცი. ამასთან, რჩევაც მინდა მოგცე, როგორ იმუშაო: ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს შენ თვითონ უნდა დაუკვირდე, ზოგი რამ უფროსებს უნდა ჰკითხო, ზოგიც წიგნებში ამოიკითხო .ამისათვის აიღე რვეული, მასში აღწერე: - შენი მშობლიური კუთხის მდებარეობა, მეზობელი კუთხეები /აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით/. - თქვენი კუთხის ბუნება: მთები, მდინარეები, ტბები, ტყის საფარი. აქ გავრცელებული მცენარეები, ცხოველები. ადამიანთა შრომა-საქმიანობა. ჩვენი სამშობლოს რომელი გამოჩენილი და საამაყო შვილებია წარმოშობით აქაურები?
სწავლა-განათლების კერები, მთავარი ქალაქები, სოფლები, კურორტები, ისტორიული ძეგლები/ტაძრები, ციხე-კოშკები, ხიდები/. თუ შეძლებ, შეაგროვე ამ ძეგლების სურათები, ბუკლეტები, ან სულაც, ამ ძეგლთან გადაიღე ფოტოსურათი... ჩაინიშნე ბუნების უმნიშვნელოვანესი ძეგლები/მღვიმეები, დიდხნოვანი ხეები-წლების ჩვენებით, ჩანჩქერებიდა სხვ./.
- აღწერე ამ კუთხის ეკოლოგიური მდგომარეობა: ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე აქაურ ბუნებას? /მეწყერი, ზვავსაშიშროება-ზამთარში, დაბინძურება და გაჭუჭყიანება-მიზეზის ჩვენებით/.
-არ დაგავიწყდეს, ჩაინიშნო ამ კუთხისათვის დამახასიათებელი ადათ-წესები, ტრადიციები ,ზეიმები, დღესასწაულები /.ჩაიწერე რამდენიმე ნიმუში ხალხური შემოქმედებისა/პოეზია, თქმულება, გადმოცემა, ანდაზა, გამოცანა/. ჩაცმის ტრადიციები- -როგორ ეცვათ ძველად და ახლა ამ კუთხეში? სიმღერები, მუსიკა, საგალობლები, საცეკვაოები/ თუ გექნება საშუალება შეაგროვე გრამფირფიტები, ან კასეტები და ა.შ. აქაური, ამ კუთხისათვის დამახასიათებელი მუსიკის ჰანგებით/.
-დახატე შენი ლამაზი კუთხის ხედები მზის ამოსვლისას, მზის ჩასვლისას, წვიმიან ამინდში-საკლასო სტენდებისა და გამოფენისათვის.
-შეაგროვე ჰერბარიუმები მცენარეებზე, მწერებზე და სხვ. /სურვილის მიხედვით/.
-შენი ნაშრომით გვითხარი, რით არის გამორჩეული კიდევ საქართველოს ეს უძველესი და უთვალსაჩინოესი კუთხე.
გისურვებ ნაყოფიერ, შემოქმედებით მუშაობას! წინასწარ ვუხდი მადლობას შენს უფროს მეგობრებს შენთვის გაწეული თანადგომის, ზრუნვისა და დახმარებისათვის!

პატივისცემით შენი მარინა მასწავლებელი”
მონაწილეთა ასაკი /კლასები: 8 - 10 წელი / მე-3 , მე-4 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისი - ოქტომბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა მიერ საქართველოს კუთხეების შესახებ მოძიებულ მასალებზე დისკუსიების გამართვა. /წინასწარ დავავალებ მოიძიონ მასალები მშობლიური მხარის შესახებ - მშობლების, ხლობლების, წიგნების, ინტერნტის მეშვეობით. / გავმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს კუთხეების შესახებ. გაკეთდება პრეზენტაციების ელექტრონული ვერსია.
არდადეგებზე მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალებით/ ტექსტური, საგნობრივი, ფოტო, აუდიო, ვიდეო.../ შევაჯამებთ მათ მიერ გაწეულ მუშაობას. დავაჯგუფებთ ცალ-ცალკე კუთხეების მიხედვით და მოვახდენთ პრეზენტაციის ელექტრონული
ვერსიის შევსება- გამდიდრებას, მოვაწყობთ კონფერენციას, გამოვფენთ ნამუშევრებს. შესაძლებელია, სურათების ალბომის, გაზეთის გამოშვება.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთ
გაეცნობიან თავიანთი მხარის ბუნებას და ადამიანთა ყოფა-ცხოვრებას, განუმტკიცდებათ პატრიოტული გრძნობა, ბუნებისადმი მზრუნველი და ფრთხილი დამოკიდებულება. გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,
შეიქმნება ელექტრონული ვერსია საქართველოს კუთხეების შესახებ.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მოძიებულ მასალებს.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ დაამყარონ საგანთა შორის კავშირი - ქართულ ენაში, ბუნებასა და ხელოვნებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში. წაიკითხავენ და გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.გაეცნობიან მხარის ადათ - წესებს, მეტყველების კულტურას, კუთხურ გამოთქმებს. დააკვირდებიან მათი მხარის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორი: მარო მიქელაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: marimiqeladze3@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mmikeladse.blogspot.com

Sunday, March 28, 2010

მარო მიქელაძე

ვმუშაობ 143–ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად